Ka/წესები

From Hattrick

წესების უახლესი ვერსია იხილეთ მისამართზე: ჰეთთრიქის წესები

Contents:
1. თამაშის შესახებ
2. რეგისტრაცია და აქტივაცია
3. ჰეთთრიქის გზამკვლევი
4. ახალგაზრდა ფეხბურთელები
5. სპეციალისტები
6. ფანები და სპონსორები
7. ეკონომიკა
8. სტადიონი
9. რეგიონები და ამინდი
10. მატჩი
11. ტაქტიკები
12. ინდივიდუალური ბრძანებები და გადანაცვლება
13. გამოცდილება და პრაქტიკა
14. მოთამაშეები
15. განლაგება
16. მწვრთნელი
17. ვარჯიში
18. ამხანაგურები
19. ფსიქოლოგია
20. მითითებები
21. ტრანსფერები
22. ლიგების სტრუქტურა
23. ეროვნული თასი
24. ეროვნული ნაკრებები
25. ქცევის წესები
26. გეიმმასტერები
27. სხვადასხვა
Appendix 1. The Hattrick Week
Appendix 2. Denominations
Appendix 3. Currencies
Appendix 4. Transfer Fees

თამაშის შესახებ

ჰეთთრიქი არის თამაში, რომელშიც თქვენ მართავთ ვირტუალურ გუნდს, იბრძვით წარმატებისთვის და ეჯიბრებით მსოფლიოს ყველა ქვეყნის „ჰეთთრიქელებს“.

თქვენ ხართ როგორც კლუბის მეპატრონეც და მენეჯერიც. ყიდით და ყიდულობთ ფეხბურთელებს, აბანდებთ კლუბის ფულად სახსრებს, (მაგალითად სტადიონის რეკონსტრუქციაში, ან ახალგაზრდულ სკოლაში). აყენებთ გუნდის სამატჩო შემადგენლობას ფეხბურთელების სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, ირჩევთ სათამაშო ტაქტიკას, გეგმავთ საწვრთნელ ვარჯიშებს და ა.შ.

ჰეთთრიქის ვებ გვერდზე შეგიძლიათ თვალყური ადევნოთ თქვენს კლუბს , წაიკითხოთ ანგარიშები გუნდის შესახებ, გაეცნოთ სატრანსფერო ბაზრის სიახლეებს, მისცეთ დავალებები ფეხბურთელებს, თუ როგორ ითამაშონ შემდეგი მატჩი და როგორ ივარჯიშონ მომდევნო კვირის განმავლობაში.

რეგისტრაცია და აქტივაცია

თამაშის დასაწყებად პირველ რიგში საჭიროა რეგისტრაცია. ჰეთთრიქში გუნდების რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომაც შესაძლოა მოგიწიოთ რიგში ჩადგომა, რაც გუნდის მიღების ვადას უმნიშვნელოდ გაახანგრძლივებს, თუმცა ეს სულ უფრო იშვიათად ხდება.

თუ თქვენი ქვეყნის ლიგაში არის თავისუფალი გუნდი, გეიმმასტერის მიერ თქვენი სარეგისტრაციო განცხადების გადამოწმების შემდეგ იგი აქტივირდება. როგორც წესი, ამ პროცედურას რამდენიმე დღე სჭირდება. ამ დროის განმავლობაში მოწმდება განცხადების სისწორე, ხომ არ იყო მისი შემომტანი ადრე ჰეთთრიქიდან გაგდებული, ხომ არ არეგისტრირებს მეორე გუნდს. ასევე არ მიიღება ერთნაირი ან არასერიოზული განცხადებები.

უკვე რეგისტრირებული კლუბი შეიძლება გაუქმდეს და მის ნაცვლად ადგილი ახალმა დარეგისტრირებულმა მოთამაშემ დაიკავოს. გუნდის ჩამორთმევის მიზეზი შეიძლება გახდეს: გაფრთხილების მიუხედავად გუნდისთვის მითითებების გაუცემლობა ერთი თვის განმავლობაში, თაღლითობა, ან წესების უხეში დარღვევა.

როდესაც მიიღებთ გუნდს, ძველი ფეხბურთელები შეიცვლება ახლებით, კლუბის ვალები ჩამოიწერება და ბიუჯეტის ათვლა დაიწყება თავიდან. სტადიონი დაუბრუნდება სტანდარტულ ზომებს. ყველა მხრივ გუნდი იქნება ახალი, გარდა მისი პოზიციისა ლიგაში, რომელიც არ იცვლება და თქვენ უნდა მოახერხოთ მისი წინ წაწევა.

ახალი მეპატრონე შეიძლება გამოუჩნდეთ მხოლოდ ბოლო ორი დივიზიონის გუნდებს. თუ უფრო მაღალ პოზიციაზე მყოფი კლუბი იქნება გაუქმებული, ის დაიწყებს ჩამოქვეითებას, სანამ არ მიაღწევს იმ ზღვარს, როდესაც შეიძლება მას დაეპატრონოს ახალი მოთამაშე.

გუნდის მიღებისათვის საჭირო სარეგისტრაციო გვერდის ნახვა შეგიძლიათ განყოფილება „დარეგისტრირებაში“.

ჰეთთრიქის გზამკვლევი

ვებ გვერდი

ჰეთთრიქის ვებ გვერდი შეგვიძლია შევადაროთ პატარა საზოგადოებას, სადაც შეგიძლიათ იზრუნოთ თქვენს გუნდზე, ურთიერთობა გქონდეთ სხვა მოთამაშეებთან, აკეთოთ საქმე და თვალყური ადევნოთ მიმდინარე თამაშებს. ვებ გვერდის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის ”მთავარი მენიუ”, რომელიც არის საიტის მარცხენა მხარეს, და ასევე სხვა დამხმარე მენიუები, სადაც შეგიძლიათ ნახოთ კლუბის მოხსენება და მითითებები.

ჰეთთრიქი საერთაშორისო თამაშია და ყოველ ქვეყანას აქვს თავისი ლიგა. თამაშის დაწყებისას მოხვდებით ერთ–ერთ მათგანში და როდესაც შეხვალთ თქვენს კლუბში, ავტომატურად გადახვალთ თქვენი ქვეყნის ლიგაში. საიტის მარცხენა მხარეს შეგიძლიათ აირჩიოთ სხვა ქვეყანა და გადახვიდეთ მის გვერდზე, ეს შეიძლება დაგჭირდეთ უცხოელი ვუნდერკინდების სანახავად ან სხვა ქვეყნის თასის ფინალის თვალყურის სადევნებლად.

მთავარი მენიუ – ჩემი ჰეთთრიქი

„ჩემი ჰეთთრიქი” პერსონალური ინფორმაციის გვერდია ჰეთთრიქის სამყაროში. ამ გვერდს ორი ძირითადი ფუნქცია აქვს, პირველ რიგში, ის გაწოდებთ ოფიციალურ ინფორმაციას ჰეთთრიქის განახლებებზე, ახალ ამბებზე, ახალ ფუნქციებზე და ტექნიკურ პრობლემებზე. ეს გვერდი იხსნება თქვენს გუნდში შესვლისთანავე, სასურველია ყოველთვის გადაიკითხოთ ნებისმიერი სიახლე, რომელიც აქ გამოქვეყნდება. ასევე, გვერდის მარჯვენა მხარეს არის ერთი სვეტი კერძოდ თქვენი გუნდის შესახებ, მაგალითად, ამ სვეტში შეგიძლიათ ნახოთ, ხომ არავინ იხდის თქვენზე მეტს სატრანსფერო ბაზარზე, ხომ არავინ ყიდულობს თქვენს ფეხბურთელს, ხომ არავინ გამოგიწვიათ ამხანაგური მატჩის სათამაშოდ ან ხომ არ მიგიღეს ფედერაციაში. იშვიათ შემთხვევაში აქ შეიძლება დაგხვდეთ პირადი შეტყობინებები ჰეთთრიქის წარმომადგენლებისგან.

  • ლიცენზია/ელექტრონული ფოსტის აქტივაცია

თუ ჰეთთრიქში ახლახანს გაწევრიანდით, შესვლისას საიტზე გამოჩნდება ელ–ფოსტის აქტივაციის გვერდი. ჩვენ, საჭიროების შემთხვევაში, უნდა გვქონდეს თქვენი ზუსტი საფოსტო მისამართი, მაგალითად იმისთვის, რომ გამოგიგზავნოთ პაროლი, თუ დაგავიწყდათ. ელ–ფოსტის გააქტიურების გარეშე გუნდს ვერ მიიღებთ.

იმისთვის, რომ გახდეთ ჰეთთრიქის სრულუფლებიანი მოთამაშე, გჭირდებათ მენეჯერის ლიცენზიის (MLC) აღება. ლიცენზიის აღების პროცესში თქვენ ისწავლით თამაშის მრავალ საჭირო დეტალს. ლიცენზია შედგება 24 ნაწილისგან, ყოველი მათგანის შესრულებისას კლუბის ანგარიშზე დაგერიცხებათ გარკვეული თანხა. ასევე, ყოველ მომდევნო ეტაპზე გადასვლისას, ჰეთთრიქის ახალი ფუნქციების გამოყენების უფლებაც გეძლევათ.

იმ შემთხვევაში, თუ ჰეთთრიქს დიდი ხანია თამაშობთ, საჭიროა მხოლოდ 6 ეტაპის გავლა, რის შემდეგადაც მოგეცემათ ჰეთთრიქის ყველა ფუნქციის გამოყენების უფლება.

მთავარი მენიუ – თქვენი კლუბი

მთავარ მენიუში თავმოყრილია ყველა ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია თქვენს ლიგასთან. ის დაყოფილია მენიუებად: ”ჩემი ჰეთთრიქი”, ”თქვენი კლუბი”, ”ახალგაზრდული” (იმ შემთხვევაში, თუ აირჩევთ ახალგაზრდულ აკადემიას), ”ფუნქციები”, ”თქვენი ლიგა”, ”საერთაშორისო”, ”დახმარება”, ”მობილური” და ”მაღაზია”. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მენიუთი – ”თქვენი კლუბი”. ამ მენიუს სახელწოდება არის თქვენი გუნდის სახელის შემოკლებული ფორმა, მაგალითად, თუ თქვენი კლუბი არის ”Warrington Warriors” მენიუს სახელი იქნება ”Warrington”, თუ თქვენს გუნდს ჰქვია „Cheltenham Chasers“, მაშინ მენიუს ერქმევა „Cheltenham“.

მიმოხილვა

ბმულ „თქვენს კლუბზე“ დაჭერისას, ავტომატურად გაიხსნება კლუბის ოფიციალური გვერდი. ეს გვერდი შეიცავს თითქმის ყველა ინფორმაციას თქვენი გუნდის შესახებ, რომელიც საინტერესო იქნება როგორც თქვენთვის, ასევე სხვა მოთამაშეებისთვისაც, მაგალითად, აქ ნახავთ, რომელ დივიზიონშია გუნდი, ვინ არის მისი მეპატრონე, რომელ რეგიონშია და რა არის მისი სტადიონის სახელწოდება. ამ გვერდს შეგიძლიათ ესტუმროთ ნებისმიერ დროს, თქვენი კლუბის ბმულზე დაჭერით.

ფეხბურთელები

ეს გვერდი შეიცავს თქვენი ფეხბურთელებისა და ტრენერის სიას. ეს სია საუკეთესო საშუალებაა თქვენი გუნდის შესაფასებლად. აქ შეგიძლიათ ნახოთ მონაცემები, ფორმა, TSI, ლიდერობის უნარი, ინფორმაცია გაფრთხილებების, დისკვალიფიკაციებისა და ტრამვების შესახებ. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის სანახავად, შეგიძლიათ დააჭიროთ ფეხბურთელის სახელს და გადახვიდეთ მის პერსონალურ გვერდზე, სადაც ნახავთ მის ხელფასს, პიროვნულ თვისებებსა და გოლების გატანის სტატისტიკას. ამ გვერდიდანვე აყენებთ ფეხბურთელს სატრანსფერო აუქციონზე სასურველი საწყისი ფასით. ძალიან ბევრ ადგილას შეხვდებით ფეხბურთელების პერსონალური გვერდების ბმულებს, მაგალითად, სატრანსფერო ბაზარზე, თამაშის რეპორტაჟში. სხვა ჰეთთრიქის მენეჯერებს თქვენი ფეხბურთელების სრული მონაცემების ნახვა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ეს ფეხბურთელი იყიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ გარკვეული ინფორმაცია.

ვარჯიში

გუნდის გასავითარებლად ძალიან მნიშვნელოვანია გარკვეული სტრატეგიის შემუშავება, რომელშიც გუნდის ვარჯიში გეხმარებათ. მისი განახლება იწყება ხუთშაბათობით, შუა კვირის თამაშების დამთავრების შემდეგ, და გრძელდება პარასკევამდე, ყოველი ქვეყნისთვის რიგრიგობით. სანამ დაიწყება ვარჯიში, თქვენ უნდა აირჩიოთ, როგორ გინდათ ივარჯიშონ თქვენმა ფეხბურთელებმა მომდევნო კვირის განმავლობაში. ამავე გვერდზე ირჩევთ ვარჯიშის ინტენსივობას და ნახულობთ გუნდის გამოცდილებას სხვადასხვა სათამაშო ტაქტიკაში. ასევე, თუ უკმაყოფილო ხართ თქვენი ტრენერით, აქ არის მისი შეცვლის ინსტრუქციაც. უფრო მეტი ინფორმაცია ვარჯიშის შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ წესების შესაბამის პუნქტში.

მატჩები

ამ გვერდზე არის თქვენი ძველი მატჩების სია ანგარიშებით და ბმულებით რეპორტაჟებზე. აქვე შეგიძლიათ გასცეთ განკარგულებები მომდევნო თამაშისთვის, დააწყოთ გუნდი და აირჩიოთ ტაქტიკა.

სტადიონი

ამ გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია თქვენი სტადიონის შესახებ. თქვენ შეგიძლიათ ამ გვერდიდან გაზარდოთ მისი ზომა, თუ უმეტეს თამაშებზე გევსებათ ის, მაგრამ სტადიონის გაზრდისას უნდა გაითვალისწინოთ ის, წარმატებული იქნება თქვენი გუნდი მომავალში, თუ არა. ამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ზედმეტად დიდი მოედანი ვალების მეტს არაფერს მოგიტანთ. სტადიონის სახელის შეცვლა შეგიძლიათ ამავე გვერდზე, თუ გარკვეულ საფასურს გადაიხდით.

ბიუჯეტი

ყოველკვირეული ფინანსური ანგარიში ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კლუბისათვის, ამ გვერდზე თქვენ ნახავთ მიმდინარე და გასული კვირის შემოსავლებსა და ხარჯებს.

კლუბი

ამ განყოფილებაში თქვენ აკონტროლებთ კლუბის დამხმარე პერსონალს და ახალგაზრდა გუნდს. ქირაობთ და ათავისუფლებთ დამხმარე ტრენერებს, ფიზიოთერაპევტებს, ექიმებს, ეკონომისტებს, პიარ მენეჯერებს და სხვა. ასევე, გამოყოფთ თანხებს ახალგაზრდული გუნდისთვის, რაც შედეგს გარკვეული დროის შემდეგ გამოიღებს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ სეზონებს შორის კლუბის სახელის შეცვლისას გადახდილი თანხის ოდენობა და გულშემატკივართა ხასიათის ცვლილება. გასათვალისწინებელია, რომ კლუბის სახელის გადარქმევა გამოიწვევს ფან–კლუბის დაპატარავებას რაღაც პროცენტით, რადგან ზოგიერთ გულშემატკივარს არ მოეწონება ახალი სახელი.

ამხანაგური თამაშები

ამხანაგური მატჩები თამაშის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია. ის გაძლევთ საშუალებას ჩაატაროთ სავარჯიშო თამაშები სხვა გუნდებთან. ამ გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ შემოთავაზებული ამხანაგურების სია, ან ინფორმაცია უკვე დაგეგმილ ამხანაგურ მატჩზე. თქვენც შეგიძლიათ გამოიწვიოთ სხვა კლუბები სათამაშოდ მათ პერსონალურ გვერდზე.

მითითებები

ყოველი თამაშისთვის თქვენ უნდა გასცეთ მითითებები. ყოველი მომდევნო მატჩის მარჯვნივ ჩანს ბმული ”მითითებები”, თუ განკარგულებები უკვე გაცემული გაქვთ, მის გვერდზე დაინახავთ წითელ ნიშანს, მაგრამ განკარგულებების შეცვლა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მანამ, სანამ თამაშის დაწყებამდე დარჩება თხუთმეტი წუთი. მითითებების გაცემა ასევე შეგიძლიათ ზედიზედ რამდენიმე თამაშზე, რაც მაშინ არის საჭირო, თუ დიდი ხნით აპირებთ სადმე წასვლას.

მითითებების გვერდი საფეხბურთო მოედანივით გამოიყურება. სტანდარტული სათამაშო ტაქტიკა არის 4–4–2 და ამ ტაქტიკით გამოჩნდება თქვენი გუნდი განკარგულებების გაცემის დროს. ყოველ პოზიციაზე ფეხბურთელს ირჩევთ ჩამოსაშლელი მენიუთი. სასურველი ტაქტიკის შერჩევის შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ფეხბურთელების კერძო მითითებებზე. ფეხბურთელებს აქვთ შესაძლებლობა ითამაშონ შემტევი ან დაცვითი სტილით, ასევე შეგიძლიათ მათ გააცვლევინოთ პოზიციები, მაგალითად, განაპირა მცველი ათამაშოთ როგორც დამატებითი ნახევარმცველი ან დამატებითი თავდამსხმელი, ამ შემთხვევაში სტანდარტული 4–4–2 წყობა შეიცვლება 3–5–2 ან 3–4–3 წყობით. ამან შეიძლება გაამართლოს, ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი გამოცდილება აქვს თქვენს გუნდს ამ ტაქტიკაში. თქვენი გუნდის გამოცდილება სხვადასხვა ტაქტიკაში შეგიძლიათ ნახოთ მენიუში ”ვარჯიში”.

მატჩის რეპორტაჟი

თამაშის რეპორტაჟის დროს ყველაზე ნათლად ჩანს როგორ არის ჰეთთრიქი დაახლოებული რეალურ ფეხბურთთან. აქ არა მარტო კითხულობთ რეპორტაჟს თამაშის დამთავრების შემდეგ, არამედ შეგიძლიათ მიჰყვეთ მის მიმდინარეობას. მატჩის რეპორტაჟში გადმოცემულია თამაშის დროს მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენები. მისი ერთ–ერთი განსაკუთრებული თვისება ისაა, რომ თამაშის მსვლელობის დროს, ის ყოველ წუთში ერთხელ ახლდება. ეს გარკვეულწილად აცოცხლებს ჰეთთრიქის საიტს მატჩების დღეებში.

რეპორტაჟი ასევე შეიცავს ინფორმაციას ამინდის, მაყურებლის რაოდენობის და, რა თქმა უნდა, მოთამაშე გუნდებისა და სტადიონის შესახებ. თამაშის რეპორტაჟი შეგიძლიათ ნახოთ მატჩების განრიგში, შემხვედრი გუნდების სახელზე დაწკაპუნებით. მაგალითად, „Warrington Warriors – Cheltenham Chasers“.

თამაშის რეპორტაჟიდან ბევრი ინფორმაციის გაგება შეიძლება. ფეხბურთელი, რომელიც ბევრ გოლს გაიტანს, ფანტასტიკურია, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ მან შეიძლება უამრავი შესანიშნავი პასი მიიღო თანაგუნდელებისაგან.

გუნდის შეფასება

მატჩის რეპორტაჟი შეიცავს გუნდის შეფასების ბმულს, სადაც ყოველი ფეხბურთელი ღებულობს ინდივიდუალურ შეფასებას, თუ როგორ ითამაშეს მათ მატჩის განმავლობაში. ეს შეფასება განისაზღვრება ჰეთთრიქის ვარსკვლავებით. ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს 0–დან უსასრულო რაოდენობის ვარსკვლავი. 0 ვარსკვლავი მოთამაშისთვის საშინელებაა, მაგრამ ძალიან იშვიათია. ასევე, ვარსკვლავი შეიძლება იყოს მთლიანიც და ნახევარიც.

გუნდის შეფასებაშივე არის ნაჩვენები თითოეული ფეხბურთელის პოზიცია და ინდივიდუალური მითითება, რომლითაც მან ეს მატჩი ითამაშა. მაგალითად, თუ განაპირა მცველი დაყენებული იყო, როგორც შემტევი, მისი ფლანგზე თამაშის უნარი უფრო დიდ გავლენას ახდენს ვარსკვლავებზე, ვიდრე დაცვითი უნარი, განსხვავებით ჩვეულებრივი განაპირა მცველისაგან.

გუნდის შეფასება ითვალისწინებს ფეხბურთელების ინდივიდუალურ თამაშს. ის გამოიყენება კერძოდ მათი და არა გუნდების შედარებისთვის. მაგალითად, თუ გუნდის განწყობამ, ან რამე სხვა ფაქტორმა გავლენა იქონია მის, როგორც მთლიანი გუნდის, თამაშზე, ფეხბურთელების ვარსკვლავებზე ცვლილებას არ მოახდენს. გუნდების თამაშის შესადარებლად შეგიძლიათ ნახოთ მათი საერთო სტატისტიკა რეპორტაჟის გვერდზე.


მთავარი მენიუ – ფუნქციები

მენიუ „ძებნას“ აქვს რამდენიმე საჭირო ფუნქცია ინფორმაციის მოსაპოვებლად ჰეთთრიქის სისტემაში. აქ თქვენ შეგიძლიათ მოძებნოთ ფეხბურთელი, კლუბი და მისი მფლობელი, რეგიონი, სტადიონი ან მატჩი.

ბმული „ტრანსფერები“ გადაგიყვანთ სატრანსფერო აუქციონის გვერდზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია ამბიციური და წარმატების სურვილის მქონე მენეჯერისთვის. მას შემდეგ, რაც ჰეთთრიქის სატრანსფერო ბაზარი ძალზე აქტიური გახდა, ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად იცოდეთ, როგორი ფეხბურთელის ყიდვა გესაჭიროებათ და როგორ იპოვნოთ ის. ამიტომაც, სატრანსფერო სისტემას აქვს ძიების განყოფილება, სადაც ფეხბურთელი შეგიძლიათ მოძებნოთ ასაკის, TSI–ის, სათამაშო პოზიციის, აუქციონის ბოლო ვადის და სხვა მონაცემთა მიხედვით.

როდესაც იპოვით სასურველ ფეხბურთელს, დააჭირეთ მის სახელსა და გვარს, რათა გაიგოთ მისი ზუსტი უნარები და მონაცემები და ჩამოხვიდეთ მასზე ფსონი. ახალი ფსონის ჩამოსვლისას ჰეთთრიქი ითხოვს 2 000 ლარის ან არსებული ფასის 2 პროცენტის (რომელიც უფრო მეტია) დამატებას, რა თქმა უნდა შეგიძლიათ მასზე მეტით გაზარდოთ ფეხბურთელის ფსონი.

ჰეთთრიქ ლაივი

ჰეთთრიქ ლაივი თამაშის ახლახან დამატებული ფუნქციაა. ინდივიდუალური მატჩების გვერდებიდან შეგიძლიათ აირჩიოთ ათამდე თამაში და უყუროთ მათ ცოცხლად, მატჩების მსვლელობის დროს განახლებები გაკეთდება ავტომატურად, ყოველ ერთ წუთში.

მთავარი მენიუ – თქვენი ქვეყანა

კლუბის წარმატებული მეპატრონე ყოველთვის საქმის კურსშია, თუ რა ხდება ჰეთთრიქის სამყაროში. მაგალითად, ვინ არის შემდეგი, ვინც გადავა უმაღლეს დივიზიონში, რა ტაქტიკით თამაშობენ პირველი გუნდები, რომელმა გუნდმა მიაღწია თასზე წარმატებას და რატომ, როგორ ითამაშა თქვენმა მეგობარმა წინა კვირის რაუნდი, და ა.შ.

თქვენი ქვეყნის ბმული გადაგიყვანთ ჰეთთრიქის ლიგათა სისტემაში. მენიუს პირველი გვერდი შეიცავს ინფორმაციას ქვეყნის შესახებ, ”დიდების დარბაზს” და მოთამაშეთა სტატისტიკას ჩემპიონატის სისტემაში. აქვე გაქვთ საშუალება გადახედოთ ქვეყნის რეგიონებს, რამდენი გუნდია თითოეულ მათგანში და რომლები არიან ყველაზე ძლიერები. ბმული ”თასი” გადაგიყვანთ ქვეყნის თასის გვერდზე, სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ინფორმაცია მის შესახებ, ხოლო გვერდები ”ეროვნული ნაკრები” და ”20 წლამდე ნაკრები” თქვენი ქვეყნის ნაკრებების წარმომადგენელი გვერდებია.

მთავარი მენიუ – საერთაშორისო

აქ განთავსებულია ყველაფერი ჰეთთრიქის ეროვნულ ნაკრებებზე, ინფორმაცია როგორც დიდების, ისე 20 წლამდე გუნდთა შესახებ, რომელიც მათ წარსულ ისტორიასაც შეიცავს. აქვე შეგიძლიათ ნახოთ შედეგები მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატისა, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა სეზონის განმავლობაში და ყველაფერი „ჰეთთრიქ მასტერსზე” – ჰეთთრიქის მსოფლიო კლუბების ჩემპიონთა თასზე.

მთავარი მენიუ – დახმარება

ამ მენიუს გვერდებში მოთავსებულია ყოველგვარი ინფორმაცია ჰეთთრიქის შესახებ და აქ შემოსვლა ყველა ჰეთთრიქელს შეუძლია. აქ შეგიძლიათ შეიტყოთ, თუ ვინ მართავს ჰეთთრიქს, ვინ დგას მის უკან და რა გეგმები აქვთ მათ მომავლისათვის.

”წესები” და ”დახმარება” იმისთვის არის შექმნილი, რომ გეიმმასტერების და სხვა გამოცდილი მოთამაშეების დაუხმარებლად შეძლოთ ჰეთთრიქში შეხვედრილ ყველა პრობლემასთან გამკლავება. გასათვალისწინებელია ის, რომ გეიმმასტერები გეხმარებიან ადმინისტრაციულ პრობლემებში, თვალყურს ადევნებენ მოთამაშეების ქცევებს და გეხმარებიან პაროლის აღდგენაში, მაგრამ მათ მოვალეობაში არ შედის მოგცეთ რჩევა გუნდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ასეთი რჩევები შეგიძლიათ მიიღოთ ამავე, დახმარების, გვერდზე, ან იკითხოთ ფორუმზე.

მენიუ საზოგადოებაა

მენიუ ”საზოგადოება” კოლექციაა სხვადასხვა ჰეთთრიქთან დაკავშირებული ვებ გვერდებისა. ბევრ გუნდს აქვს თავისი ვებ გვერდი, ზოგი მოთამაშე აკეთებს CHPP საიტებს ჰეთთრიქისთვის, ან გამოსცემს ჟურნალებსა და წერს ახალ ამბებს, რაც უსაზღვრო სიხარულს იწვევს ჩვენში.

ჰეთთრიქის მენეჯერებს შორის უფრო ახლო კავშირის დასამყარებლად საიტზე კომუნიკაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს.

საფოსტო ყუთი

ჰეთთრიქის საკუთარი საფოსტო ყუთი საშუალებას გაძლევთ საიტის დატოვების გარეშე განიხილოთ სხვადასხვა სტრატეგიები მეგობრებთან ერთად, ან გაარკვიოთ თქვენი მოწინააღმდეგის განწყობა მატჩის დაწყებამდე. ნებისმიერ მოთამაშეს შეგიძლიათ გაუგზავნოთ წერილი მისი კლუბის გვერდიდან. ყველა მიღებული წერილი კი თქვენს საფოსტო ყუთში მოთავსდება.

ფორუმი

ჰეთთრიქს ასევე აქვს საკუთარი ფორუმის სისტემა ყველა ლიგის, დივიზიონისა და ფედერაციისათვის. მასში შესასვლელად უბრალოდ გადადით ბმულზე ”ფორუმი”. აქ ნახავთ უამრავ გამოცდილ მოთამაშეს და მონაწილეობას მიიღებთ დისკუსიებში. ასევე, ფორუმს აქვს მრავალი სხვადასხვა ენა.

ჰეთთრიქ ფლეში

ჰეთთრიქ ფლეში არის ახალი ამბების წყარო, რომელიც მხოლოდ ჰეთთრიქის გულშემატკივრებისათვისაა განკუთვნილი. ეს ფანჯარა ავტომატურად ახლდება ყოველ წუთში ერთხელ. აქ ნახავთ შეტყობინებებს ახალ მიღებულ წერილებზე, ფეხბურთელის ფსონის მომატებაზე და ა.შ.

ზედა ხაზი

ჰეთთრიქის საიტის ზედა ხაზზე განთავსებულია თქვენი კლუბის, სერიისა და ლიგის ბმულები, რომლებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ჰეთთრიქის სხვა ქვეყნებში ხართ გადასული. აქვეა საათი, რომელიც აჩვენებს ადგილობრივ ჰეთთრიქის დროსა და თარიღს, და შემოსულ მენეჯერთა რაოდენობის მთვლელი.


ახალგაზრდა ფეხბურთელები

თქვენ შეგიძლიათ ძირითადი გუნდის გაზრდა მასში ახალგაზრდა ფეხბურთელების დამატებით. საამისოდ ორი გზა არსებობს:

  • ძირითად გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელები დაამატოთ კლუბის გარედან, რასაც ძირითადი გუნდის სკაუტის დახმარებით შეძლებთ;
  • დააარსოთ საკუთარი ახალგაზრდული სკოლა, მოიზიდოთ მასში ახალი ტალანტები და განავითაროთ ისინი. თქვენ შესაძლებლობა გექნებათ შეხვედრები გამართოთ სხვა ახალგაზრდულ გუნდებთან, ღია თუ დახურულ ლიგებში. შემდგომში კი შეგიძლიათ ახალგაზრდული სკოლის გუნდის ნიჭიერი ფეხბურთელები ძირითად გუნდში აიყვანოთ.

გუნდში შემთხვევით არჩეული ახალგაზრდის დამატება კლუბის გარედან შემადგენლობის გაზრდის მარტივი და ეფექტური მეთოდია. ახალგაზრდული სკოლის ყოლა უფრო სახლაფორთო, თუმცა, ამავდროულად, უფრო საინტერესო საქმეა.

ფულის დაბანდება თქვენ ორივე სისტემაში შეგიძლიათ, რაც თქვენ ყოველ კვირას არჩევანის წინაშე დაგაყენებთ, თუ რომელი სისტემა გამოიყენოთ. თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყოველ კვირას მხოლოდ ერთი ახალგაზრდის დამატება შეგიძლიათ, ანუ, ან ძირითად გუნდში შემთხვევითი ახალგაზრდა გადმოგყავთ კლუბის გარედან, ან კიდევ, ერთ ფეხბურთელს იმატებთ ახალგაზრდული აკადემიისთვის.

სელექცია

ყოველ კვირას თქვენ ძირითად გუნდში ერთი ახალი ფეხბურთელის დამატების უფლება გაქვთ. რაც უფრო მაღალია თქვენი ახალგაზრდული გუნდის დონე (არ აგერიოთ ახალგაზრდული აკადემიის გუნდში), გუნდში პერსპექტიული ახალგაზრდის მიღების მით უფრო მეტი შანსია. ახალგაზრდა მოთამაშის კლუბის გარედან დამატებამდე თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ სასურველი პოზიცია. თუმცა ამაში ერთობ შეზღუდული ხართ და არჩევანს მხოლოდ მეკარესა და მინდვრის მოთამაშეს შორის აკეთებთ. ნუ გაქვთ იმის იმედი, რომ ყოველ კვირა თქვენს შემადგენლობაში ახალი ვარსკვლავი გამოჩნდება – ახალწვეულთა უმეტესობა ძირითად გუნდში ადგილს ვერ დაიმკვიდრებს. თუ თქვენს სასტარტო შემადგენლობაში ერთი ან ორი ისეთი მოთამაშე არის, რომელიც იქ პირდაპირ ახალგაზრდული გუნდიდან მოვიდა, ეს უკვე კარგი შედეგია. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება ყველაფერი რეალობაში.

კლუბების უმეტესობა სელექციაში დიდ ფულს აბანდებს. თუმცა არსებობს კატეგორია, რომელიც ახალგაზრდებთან მუშაობაზე ფულს ზოგავს, ან სულ არაფერს იხდის, რათა დაზოგილი ფულით სატრანსფერო ბაზარზე იაქტიუროს. გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენ ახალგაზრდული გუნდის გაძლიერებას გადაწყვეტთ, დიდხანს მოგიწევთ ლოდინი, სანამ ნიჭიერი ფეხბურთელების სახით უკუქმედებას მიიღებთ. ნუ ელოდებით კარგ ფეხბურთელს ისეთი ახალგაზრდული გუნდიდან, რომლის დონე „ცუდს“ არ აღემატება.

ყოველკვირეულად შესაძლებელია ახალგაზრდებთან მუშაობაზე დიდი (40 000 ლარი), საშუალო (20 000 ლარი) და მცირე (10 000 ლარი) ინვესტიციის გაკეთება. მცირე ინვესტიციების დიდი რაოდენობა უფრო ეფექტიანია, ვიდრე დიდი ინვესტიციების მცირე რაოდენობა. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენ წინასწარვე უნდა გქონდეთ განსაზღვრული სტრატეგია – თუ ახალგაზრდულ გუნდზე დიდ იმედებს ამყარებთ, მაშინ ინტენსიური დიდი ინვესტიციები შედეგს უფრო სწრაფად მოგიტანთ, ხოლო, თუ თქვენ ახალგაზრდული გუნდის დონის აწევა მაინცდამაინც არ გეჩქარებათ, მაშინ ჯობია მცირე ზომის დაბანდებებით შემოიფარგლოთ. ახალგაზრდული გუნდი არ მოითხოვს რეგულარულ ხარჯებს, თუმცა, თუ მასში ჩადებული ფულის ნაკადი სტაბილური არ იქნება, მაშინ მისი დონე სწრაფად დაიწევს. ამის ამოქაჩვა კი ბევრად უფრო ხანგრძლივი პროცესია.

ყოველ კვირა შესაძლებელია მხოლოდ ერთი მოთამაშის დამატება. თუ ინვესტიციის დონეს არ ცვლით, მაშინ ანგარიშიდან ყოველი კვირის განმავლობაში ერთი და იგივე თანხა დაგექვითებათ.

ახალგაზრდა ფეხბურთელის სელექცია კლუბს 4 000 ლარი უჯდება.

ინფორმაციას ახალგაზრდულ გუნდში მიმდინარე პროცესების შესახებ შეიტყობთ მენიუ „თქვენი გუნდის“ განყოფილება „კლუბში“. იქვე მითითებულია ახალგაზრდულ გუნდში ჩადებული ყოველკვირეული ინვესტიციის ოდენობა. მარჯვნივ იპოვით ბმულს, რომლის მეშვეობით ყოველ კვირას ახალგაზრდა ფეხბურთელის დამატება შეგეძლებათ.

ახალგაზრდული სკოლა

ახალგაზრდული სკოლის ყოლის შემთხვევაში თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, უშუალო მონაწილეობა მიიღოთ მის ფუნქციონირებაში. შეგიძლიათ აიყვანოთ სკაუტები, განსაზღვროთ ვარჯიშის ტიპი, შემადგენლობა და სათამაშო ტაქტიკა. ახალგაზრდული ლიგის არჩევა თქვენი პრეროგატივაა – ეს შეიძლება იყოს მეგობრებისა და კოლეგებისგან შემდგარი ლიგა. დროდადრო გაჩნდება ახალგაზრდებს შორის ამხანაგური თამაშის გამართვის საშუალება.

ახალგაზრდული სკოლის დაარსება

ახალგაზრდული სკოლის აქტივირება შეგიძლიათ მთავარი მენიუს პუნქტიდან „კლუბი“. თავიდან გეძლევათ ერთი მწვრთნელი და ერთი სკაუტი. გარდა ამისა, მყისვე გადმოგეცემათ რამდენიმე მოთამაშე, რომ თქვენს ახალგაზრდულ გუნდს თავიდანვე შეეძლოს თამაშების გამართვა. საწყისი გუნდი მეზობელი ბავშვებისგან არის დაკომპლექტებული, ამიტომ მათ შორის ნიჭიერის პოვნა თითქმის გამორიცხულია.

ახალგაზრდული ლიგა

თქვენ თავად შეგიძლიათ ახალგაზრდული ლიგის დაარსება, ან საკუთარი სურვილით რომელიმე ლიგაში გაწევრიანება. ახალგაზრდული ლიგა შეიძლება შედგებოდეს 4, 6, 8, 12 ან 16 გუნდისგან. ის არის ან ღია, ანაც დახურული, რომელში გაწევრიანებაც მხოლოდ ლიგის მფლობელის მიწვევის შედეგ გახდება შესაძლებელი. 12/16–გუნდიანი ლიგების შესაქმნელად საჭიროა ჰთ–გულშემატკივრის ქონა. ლიგის შემქმნელს ასევე იმის განსაზღვრა შეუძლია, თუ როდის გაიმართება თამაშები. როგორც კი ლიგა შევსებულია, ის ავტომატურად იღებს სტარტს.

სკაუტები

როდესაც თქვენ ახალგაზრდული სკოლის აქტივირებას ახდენთ, მას თან მოჰყვება ერთი სკაუტი. შეგიძლიათ აირჩიოთ ის რეგიონი, სადაც ეს სკაუტი ტალანტების ძიებას შეუდგება. ასევე შესაძლებელია, მას რომელიმე კონკრეტული ტიპის ფეხბურთელის ძებნა დაავალოთ (მაგალითად თავდამსხმელის). ამ შემთხვევაში სკაუტი უფრო დიდი სიხშირით შემოგთავაზებთ ამ ტიპის მოთამაშეებს, თუმცა, მათი საერთო დონე უფრო დაბალი იქნება. მეორე მხრივ, ძებნის ამ რეჟიმში უფრო მეტი იქნება წარმოუდგენლად ნიჭიერი ფეხბურთელის პოვნის შანსი.

თქვენ ასევე დამატებითი სკაუტების აყვანის საშუალება გაქვთ, რომელთა საერთო რაოდენობა სამს არ უნდა აღემატებოდეს (მინიმუმი არის ერთი სკაუტი). კვირაში ერთხელ თქვენ შეგიძლიათ დაურეკოთ სკაუტს, მას კი თქვენთვის შეიძლება ჰქონდეს წინადადება. იმ შემთხვევაში, თუ ის მოთამაშეს კონკრეტული პოზიციისთვის ეძებდა, მან შეიძლება ვერავინ იპოვოს.

თუ სკაუტი ერთზე მეტია, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მეორე შემოთავაზება, თუ პირველს უარყოფთ. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება სკაუტის შემოთავაზების უარყოფაზე საბოლოოა.

ფეხბურთელები

თქვენი ახალგაზრდული სკოლის გუნდი მაქსიმუმ 16 კაცისგან შეიძლება შედგებოდეს. ფეხბურთელები, რომლებიც თქვენს სკოლაში მოდიან, ძირითადად 15–16 წლისანი არიან. მათი უნარების და ხასიათის ნახვის უფლება თქვენ არ გაქვთ, ძირითადის მოთამაშეებისგან განსხვავებით. ახალგაზრდების შესაძლებლობების უკეთ შესაცნობად საჭიროა მათი მოსინჯვა სხვადასხვა პოზიციებზე და დაკვირვება, თუ რომელ პოზიციაზე და რა ამინდში გამოიჩინეს მათ თავი ყველაზე მეტად. ასევე თქვენ დაგეხმარებათ მატჩის შემდგომი რეიტინგები, სკაუტის კომენტარები და მწვრთნელის მოხსენებები. დამატებით ინფორმაციას თქვენ თამაშის რეპორტაჟში ამოიკითხავთ.

მატჩები

კვირაში ერთხელ ახალგაზრდული სკოლის გუნდი სალიგო თამაშს ატარებს. გარდა ამისა, სამ კვირაში ერთხელ შესაძლებელია ამხანაგური თამაშის გამართვა. ტაქტიკას და მითითებებს თქვენ წინასწარ, თამაშის დაწყებამდე განსაზღვრავთ. ზუსტად ისე, როგორც ეს ძირითადი გუნდების თამაშებში ხდება.

ვარჯიში

ჩვეულებრივ ახალგაზრდები საკმაოდ სწრაფად სწავლობენ, რაც ასევე მათ ხასიათზეა დამოკიდებული. მათ ყურადღების გამახვილება ერთდროულად ვარჯიშის ორ ტიპზე შეუძლიათ – პირველადზე და მეორადზე. პირველადი ვარჯიში უფრო ეფექტიანია. თქვენ შეგიძლიათ როგორც პირველად, ისე მეორად ვარჯიშად წვრთნის ერთი და იგივე ტიპი მიუთითოთ, თუმცა ამ შემთხვევაში მეორადი ვარჯიშის ეფექტი სრული არ იქნება.

უკანასკნელ თამაშში ნათამაშები პოზიცია წვრთნის პროცესისთვის ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დიდებში. როდესაც გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ატარებს, ზოგიერთი მოთამაშე იმ კვირას წვრთნის დამატებით ეფექტს იღებს, თუმცა ამხანაგური შეხვედრის ეფექტურობა უფრო ნაკლებია, ვიდრე სალიგო მატჩის. კვირაში ერთხელ მწვრთნელი უკანასკნელ კვირაში მომხდარი მოვლენების შესახებ მოხსენებას აქვეყნებს, სადაც ბევრი სასარგებლო ინფორმაციის პოვნა შეიძლება მოთამაშეთა პროგრესის შესახებ.

ძირითად გუნდში გამოძახება

ახალგაზრდული სკოლის გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლა ყოველთვის იოლი პროცესი როდია, რადგან ახალგაზრდა ტალანტებს თავიდან უწევთ საკუთარი ოსტატობის დამტკიცება მწვრთნელებისთვის, მაყურებლებისთვისა და თანაგუნდელებისთვის. ზოგიერთ ნიჭიერ ფეხბურთელს მეტად მძიმედ გადააქვს მზარდი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით იმ შემთვევაში, თუ გადასვლის მომენტში ის ოდნავ არის 17 წელს გადაცილებულები და სუსტი ხასიათით გამოირჩევა. ამ სიტუაციებში ფეხბურთელები თავიანთ სრულ პოტენციალს ვერ ავლენენ.

ახალგაზრდის ძირითად გუნდში გადაყვანა შეგიძლიათ მას შემდეგ, რაც ის 17 წლის გახდება და ერთი სრული სეზონი მაინც ექნება გატარებული ახალგაზრდულ ლიგაში. ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოძახება ძალიან არ უნდა დააყოვნოთ, ვინაიდან თუ ფეხბურთელი 19 წელს გადაცილდება, ის ავტომატურად პროფესიას შეიცვლის.

ხარჯები

ახალგაზრდული სკოლა კვირაში 20 000 ლარი ჯდება, ხოლო ყოველი დამატებითი სკაუტი კი 10 000 ლარი. ახალგაზრდულ სკოლას არ ჰყავს არანაირი დამატებითი სპეციალისტები, ტრანსპორტის, დაბეჟილობების და ტრამვების შესახებ მშობლები ზრუნავენ სრულიად უსასყიდლოდ. ამავდროულად, ახალგაზრდებს არ მოაქვთ არანაირი შემოსავალი, ხოლო მაყურებლები მათივე მშობლები და მეგობრები არიან.

ფეხბურთელის ძირითად გუნდში გამოძახება 4 000 ლარი ღირს. ერთადერთი დამატებითი ხარჯი შეიძლება იყოს თვითმფრინავის ბილეთი სკაუტისთვის, თუ თქვენ მას ტალანტების ძიებას სხვა რეგიონში დაავალებთ.

სპეციალისტები

არსებობენ თქვენი კლუბისთვის საჭირო სხვადასხვა სპეციალისტები. ისინი გეხმარებიან სხვადასხვა სფეროების მართვაში, მაგრამ თითოეული მათგანი ჯდება 3 000 ლარი კვირაში.

თანამშრომლების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუმცა, თითოეული დამატებითი სპეციალისტის აყვანით მიღებული ეფექტი თანდათანობით მცირდება. ორი მწვრთნელის ასისტენტი უკეთესია ვიდრე ერთი, მაგრამ ეფექტი ორმაგი არ არის. ოთხი სპეციალისტის ყოლა ცოტათი უკეთესია ვიდრე ორის, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეფექტი ორმაგი არ არის. არსებობენ შემდეგი სახის სპეციალისტები:

  • მეკარეების მწვრთნელი: აუმჯობესებს მეკარის ფორმას და მეკარეების წვრთნის ეფექტს, რაც იგივეა, თითქოს უფრო მეტად კვალიფიციური მწვრთნელი გყავდეთ.
  • მწვრთნელის ასისტენტი: მეკარეების მწვრთნელის მსგავსად აუმჯობესებს მინდვრის მოთამაშეების ფორმას და ფეხბურთელები ვარჯიშებიდან იღებენ უფრო მეტს, და, ამ შემთხვევაშიც, აქვს იგივე მნიშვნელობა, თითქოს უფრო მეტად კვალიფიციური მწვრთნელი გყავდეთ. ასისტენტის ლიდერობის უნარს არანაირი ეფექტი არ აქვს.
  • სპორტული ფსიქოლოგი: ზრდის თავდაჯერებასა და გარკვეული ოდენობით გუნდის განწყობას.
  • პიარ–მენეჯერი: აუმჯობესებს გულშემატკივრებისა და სპონსორების კლუბთან დამოკიდებულებას.
  • ეკონომისტი: თუ ჩაფლული ხართ ვალებში, ან გაქვთ დაგროვებული საკმაო თანხა, თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ეკონომისტი საგადასახადო პროცენტის შემცირების ან დაგროვილი თანხის ინვესტირებისთვის.
  • ფიზიოთერაპევტი: ამცირებს ტრამვების მიღების შანსს.
  • ექიმი: განკურნავს ტრამვირებულ ფეხბურთელებს.

სპეციალისტის დათხოვნა დაგიჯდებათ 3 000 ლარი. თუ თითო სფეროში 10 სპეციალისტზე მეტი გყავთ (მეკარეების მწვრთნელები და მწვრთნელის ასისტენტები ამ შემთხვევაში ერთ კატეგორიად განიხილებიან) წარმოიშვება მათ ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც, სავარაუდოდ, უარყოფით გავლენას მოახდენს გუნდურ ატმოსფეროზე, ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ან, უბრალოდ, – დაკარგავთ ვარჯიშს. ათის ზემოთ, თითოეული სპეციალისტის დამატებით უარყოფითი ეფექტის რისკი იზრდება.

კლუბში არსებული სპეციალისტების რაოდენობა შეგიძლიათ იხილოთ განყოფილება „კლუბში”, მენიუ „თქვენს კლუბში”. აქვე თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ და დაითხოვოთ სპეციალისტები.


ფანები და სპონსორები

რა თქმა უნდა, თქვენ გჭირდებათ კარგი შემადგენლობა და კარგად მართვადი კლუბი. თუმცა, ერთგული გულშემატკივრების საგრძნობი რაოდენობის გარეშე ძნელად წარმოსადგენია თქვენი კლუბის მომავალი. კლუბის ეკონომიკური მდგომარეობა საბოლოოდ გულშემატკივრების რაოდენობაზეა დამოკიდებული. შემოსავალი საშინაო მატჩებიდან, საწევრო შენატანები გულშემატკივართა კლუბიდან, და თვით შემოსავალი სპონსორების მიერ თქვენთვის გამოყოფილი თანხიდან – ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ურთიეორთობა გაქვთ თვენს გულშემატკივრებთან.

გულშემატკივრების განწყობა უმჯობესდება მაშინ, როცა თქვენი გუნდი იგებს მატჩებს (განსაკუთრებით კი მნიშვნელოვან მატჩებს) და იტანს ბევრ გოლს. მეორე მხრივ, სახლში 3:0 გამარჯვება სრულიადაც არ ითვლება გულშემატკივრებში საოცნებო ანგარიშად. გულშემატკივრებს ცვალებადი ხასიათი აქვთ, ერთი კვირა თქვენ მეფე და გმირი ხართ, მეორე კვირა კი თქვენზე გაცოფებულები არიან. გულშემატკივართა კლუბის ბირთვს წარმოადგენენ თქვენი კლუბის თავგადაკლული ფანები. ისინი არ უღალატებენ თავიანთ გუნდს რამოდენიმე მცირე წარუმატებლობის გამო. მაგრამ თვით გულშემატკივართა კლუბის რაოდენობაც კი იცვლება თქვენი კლუბის იღბლიანობისა და უიღბლობის მიხედვით. თავგადაკლულ გულშემატკივართა კლუბი რამდენიმე სეზონის განმავლობაში შენდება. დიდ გუნდებს, რომლებიც რამდენიმე სეზონის განმავლობაში იმყოფებიან უმაღლეს დივიზიონში, ჰყავთ ყველაზე მრავალრიცხოვანი გულშემატკივართა კლუბები.

თქვენი შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა სპონსორები. სპონსორებს ურჩევნიათ მხარი დაუჭირონ კარგი „იმიჯის” მქონე კლუბს. ამიტომაც, რაც უფრო დიდია თქვენი გულშემატკივრების რაოდენობა და რაც უფრო წარმატებულნი ხართ, მით მეტ ფულს იღებთ. ერთი–ორი ოფიციალური პიარ–მენეჯერიც გააუმჯობესებს კლუბის იმიჯს.

თითოეული სეზონის დაწყებამდე, გულშემატკივრები „ივიწყებეენ” როგორ ითამაშა გუნდმა წინა სეზონში და ძველ შედეგებს აღარ ექნება გავლენა მათ განწყობაზე. მათ დიდი იმედები აქვთ ახალი სეზონისთვის.

გულშემატკივრებისა და სპონსორების განწყობის ნახვა შეგიძლიათ განყოფილება „ბიუჯეტში” „თქვენი კლუბის” მენიუში.


ეკონომიკა

თქვენი კლუბის წარმატებით ასამუშავებლად ფული გესაჭიროებათ. თქვენ იხდით ყოველკვირეულ ხარჯებს და ითვლით მიღებულ თანხას ყოველი კვირის ბოლოს. ზუსტი დრო, როდესაც ხდება ხარჯთაღრიცხვა განსხვავებულია ლიგების მიხედვით, ამის გასარკვევად გადაამოწმეთ, როდის ხდება ყოველკვირეული განახლება თქვენს ლიგაში. ”ბიუჯეტის” გვერდზე შეგიძლიათ ნახოთ თქვენი კლუბის მიმდინარე და წინა კვირის ფინანსური სტატუსი. გაითვალისწინეთ, რომ მთელი თქვენი შემოსავალი და დანახარჯი კვირის განმავლობაში გროვდება და ერთბაშად გადის თქვენი ბიუჯეტიდან კვირის ბოლოს. ასე მაგალითად, თუ იყიდით ფეხბურთელს და მასში 20 000 ლარს გადაიხდით, ფეხბურთელის გამოყენება მაშინვე შეგეძლებათ, თუმცა, ”დროებითი დანახარჯების” გრაფა გაიზრდება 20 000 ლარით. მიუხედავად ამისა, ამ მომენტში თქვენ ეს თანხა ჯერ კიდევ გექნებათ. იგივე ეხება სტადიონიდან შემოსულ თანხას. ბილეთებიდან შემოსული თანხა თქვენს ანგარიშზე დაჯდება ერთი კვირის შემდეგ (სათასო მატჩებიდან მიღებული შემოსავალი – ნახევარი კვირის შემდეგ).

თქვენ განუწყვეტლივ ხარჯავთ ფულს, მაშინაც კი, როდესაც თქვენი ბალანსი ნულის ტოლია. თქვენ გაქვთ 1 000 000 ლარის ოდენობის კრედიტი ბანკში, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ თანხის გამოყენების დროს საკმაოდ მაღალი საპროცენტო განაკვეთის გადახდა მოგიწევთ. თუ თქვენი ვალი 1 000 000 ლარს გაუტოლდა, თქვენ მიიღებთ გაფრთხილებას გაკოტრების საფრთხის თაობაზე. თუ ორი კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც გაფრთხილებას მიიღებთ, თქვენი ვალი 1 000 000 ლარს არ ჩამოცდება, შეიძლება მოგიწიოთ გუნდის დატოვება. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ მანამ, სანამ ამ ლიმიტს გადაცდებით, უზარმაზარი პროცენტის გადახდა მოგიწევთ, ამიტომ საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ლიმიტს ახლოსაც არ გაეკარებით. ასევე გახსოვდეთ, რომ ეკონომისტები ვერ ახერხებენ საპროცენტო განაკვეთის შემცირებას, როდესაც 1 000 000 ლარზე მეტი ვალი გაქვთ, ასე რომ, მათი იმედიც ნუ გექნებათ.

ამასთან, თქვენ ვერ შეძლებთ ფეხბურთელის ყიდვას, თუ ეს თქვენს ვალებს 400 000 ლარს გადააცილებს. როდესაც ფსონს დებთ ფეხბურთელის შესაძენად, პროგრამა ავტომატურად ითვალისწინებს იმ თანხებს, რომლებიც თქვენ შეიძლება მიიღოთ ტრანსფერზე დაყენებული ფეხბურთელებისგან (თუ მათზე სხვას აქვს ფსონი დადებული) და იმ თანხებს, რომლებიც თქვენ ტრანსფერზე დაყენებულ სხვა ფეხბურთელებზე გაქვთ დადებული.

მოკლედ რომ ვთქვათ, კარგად დაფიქრდით, სანამ ვალების აღებას გადაწყვეტთ.

აი რისგან შედგება თქვენი ბიუჯეტის შემოსავალ–გასავალი:

  • სპონსორებისგან მიღებული შემოსავალი: რაც უფრო კარგი ურთიერთობა გაქვთ სპონსორებთან, მით მეტ ფულს მიიღებთ მათგან.
  • სტადიონიდან მიღებული შემოსავალი: ითამაშეთ საშინაო თამაში წინა ტურში ან ოთხშაბათს? იმის გამოსათვლელად, თუ რამდენი თანხა შემოგივიდათ ბიუჯეტში ამ თამაშიდან, ნახეთ დეტალური ინფორმაცია ”სტადიონის” განყოფილებაში.
  • ფინანსური შემოსავალი: თუ თქვენ ეკონომისტი გყავთ დაქირავებული, მაშინ ბანკში დაბანდებულ თქვენს თანხას გარკვეული პროცენტი დაემატება, ხოლო თუ ვალი გაქვთ აღებული, მაშინ მასზე დარიცხული პროცენტი შემცირდება. ყოველკვირეული სარგებელი პროცენტიდან არ შეიძლება აღემატებოდეს 200 000 ლარს. ამასთან, არ დაგავიწყდეთ, რომ რაც არ უნდა ბევრი ეკონომისტი გყავდეთ დაქირავებული, გაკოტრებისგან ისინი ვერ გიხსნიან, თუ ვალებში ძალიან ხართ ჩაფლული.
  • დროებითი შემოსავალი: კვირის განმავლობაში შეიძლება დამატებითი შემოსავალი მიიღოთ სხვადასხვა ღონისძიებებისგან, მათ შორის მოთამაშეების გაყიდვისგან, ასევე ახალი ფანების დამატებისგან (თითოეული მათგანი იხდის 60 ლარს თქვენს ბიუჯეტში).
  • გუნდის დანახარჯები: ყოველ კვირას თქვენს ყოველ მოთამაშეს ახარჯავთ გარკვეულ თანხას. ამ თანხაში შედის სამგზავრო ხარჯები, სათამაშო აღჭურვილობა და მოთამაშის ხელფასი. ეს თანხა არის 1 000 ლარი, პლუს დამატებითი თანხა, რომელიც დამოკიდებულია ამ ფეხბურთელის მონაცემებსა და ასაკზე. ფეხბურთელები, რომლებიც საზღვარგარეთ თამაშობენ 20 %–ით უფრო ძვირი უჯდებათ კლუბებს.
  • დამატებითი მომსახურე პერსონალი: თითოეული სპეციალისტი, რომელსაც თქვენ დაიქირავებთ, კვირაში 3 000 ლარი დაგიჯდებათ.
  • სტადიონის დანახარჯები: თქვენი სტადიონის ფუნქციონირების და მომსახურების შესახებ იხილეთ მომდევნო თავი. გაითვალისწინეთ, რომ სტადიონის მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს თქვენ ყოველკვირეულად იხდით, იმისდა მიუხედავად იმ კვირას საკუთარ კედლებში თამაშობთ, თუ გასვლაზე.
  • ახალგაზრდულ გუნდში ჩადებული ინვესტიცია: ეს თანხა შეიძლება საერთოდ არ დახარჯოთ, ან ჩადოთ მცირე, საშუალო და დიდი ინვესტიცია.
  • პროცენტული გადასახადი: ამ თანხის გადახდა მხოლოდ მაშინ მოგიწევთ, თუ დიდი ვალი გაქვთ დასაფარი.
  • დროებითი ხარჯები: მოთამაშეების ყიდვის გარდა, დანახარჯებთან არის დაკავშირებული მწვრთნელის შეცვლა, სპეციალისტების გათავისუფლება და ახალგაზრდული გუნდიდან ფეხბურთელების გადმოყვანა. ამ პუნქტში მოცემულია ყველა ამ ღონისძიებასთან დაკავშირებული დანახარჯი.

ყოველი სეზონის ბოლოს სპონსორები იძლევიან პრემიებს, თუ მათმა კლუბმა კარგად ითამაშა. საპრემიო თანხებს იღებენ პირველ, მეორე, მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები. მიღებული თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ადგილს დაიკავებთ და რა რეიტინგი გექნებათ სეზონის ბოლოს.

ამასთან, 20 000 ლარიან საპრემიო თანხას მიიღებს ის ფეხბურთელი, რომელიც სეზონის ბომბარდირი გახდება. ეს თანხა ლიგის უკანასკნელი მატჩის ჩატარებისთანავე გადაეცემა ბომბარდირს. თუ ბომბარდირთა დავაში ორი სხვადასხვა კლუბის ფეხბურთელმა გაიმარჯვა, მაშინ ორივე მათგანი მიიღებს თანხას, ხოლო თუ ბომბარდირები ერთი კლუბის ორი ფეხბურთელია, მაშინ პრემია მხოლოდ ერთ–ერთ მათგანს გადაეცემა.

ყველა საკითხი, რომელიც ბიუჯეტს და ეკონომიკურ საკითხებს უკავშირდება შეგიძლიათ იხილოთ, „ბიუჯეტის” განყოფილებაში, რომელიც ”თქვენი კლუბის” მენიუში მდებარეობს.


დაწინაურების პრემია:

სპეციალური საპრემიო თანხა გამოეყოფათ იმ გუნდებს, რომლებიც უფრო მაღალ ლიგაში გადადიან სათამაშოდ. თუ თქვენი გუნდი ავტომატურ საგზურს მოიპოვებს მაღალ ლიგაში გადასასვლელად მეექვსე ან უფრო მაღალი დონის ლიგიდან, თქვენ უფრო მეტ საპრემიო თანხას მიიღებთ, ვიდრე ის გუნდები, რომლებიც გადასასვლელ საგზურებს საკვალიფიკაციო თამაშების შედეგად მოიპოვებენ. მეშვიდე და უფრო დაბალი დონის ლიგებში, კენტი დივიზიონების გამარჯვებულები და მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გადადიან უფრო მაღალ ლიგაში საკვალიფიკაციო თამაშის ჩატარების გარეშე. ლუწი დივიზიონებიდან მხოლოდ გამარჯვებულები გადადიან პირდაპირ, ხოლო მეორე ადგილზე გასულები კი იმავე დივიზიონში რჩებიან. იმ დივიზიონებში, საიდანაც ორი გუნდი გადადის უფრო მაღალ ლიგაში, გამარჯვებული უფრო მაღალ საპრემიოს იღებს, ვიდრე მეორე ადგილზე გასული, ხოლო ისეთ დივიზიონებში, საიდანაც მხოლოდ ერთი გუნდი გადადის, პირველ ადგილზე გასული გუნდი იღებს გადასვლის პრემიას, მეორე ადგილზე გასული კი პრემიის გარეშე რჩება. ამასთან, ყველა გუნდს, რომელიც უფრო მაღალ ლიგაში გადაინაცვლებს, ფან–კლუბის წევრები 10 %–ით გაეზრდება (ანალოგიურად, ყველა გავარდნილ გუნდს ფან–კლუბის წევრების რაოდენობა 10%–ით უმცირდება).

ქვემოთ მოყვანილია მაგალითი, თუ როგორ მუშაობს პრემიების სისტემა:

კლუბი „ა“ იგებს IV დივიზიონს და პირდაპირ გადადის III დივიზიონში საკვალიფიკაციო მატჩის გარეშე. ეს გუნდი მიიღებს 480 000 ლარს, როგორც IV დივიზიონის გამარჯვებული და 340 000 ლარის ოდენობის საპრემიო თანხას იმის გამო, რომ მაღალ დივიზიონში საკვალიფიკაციო თამაშის გარეშე გადავიდა. ჯამში ასეთი გუნდი დაჯილდოვდება 820 000 ლარით.

სტადიონი

კლუბის მიღებისას თქვენი სტადიონი შედარებით მცირე ზომის იქნება, თუმცა ჰეთთრიქის კარიერის მანძილზე გექნებათ საშუალება თანდათანობით გაზარდოთ მისი ზომა. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ოთხი სხვადასხვა ტიპის დასაჯდომი ადგილი თქვენი სტადიონისთვის. თითოეული მათგანის დამატება განსხვავებულ თანხასთან და, შესაბამისად, შემოსავალთან არის დაკავშირებული, რადგან ისინი სხვადასხვა ტიპის მაყურებელზეა გათვლილი.

თუ თქვენ გსურთ სტადიონს მოაკლოთ დასაჯდომი ადგილები, მაშინ თითოეულ სკამზე 12 ლარის გადახდა მოგიწევთ, მიუხედავად იმისა, რა ტიპის ადგილზეა საუბარი. ასევე, თითოეული ღონისძიების დაწყებისას (იქნება ეს სკამების დამატება, თუ მოკლება), თქვენ მოგიწევთ 20 000 ლარის გადახდა.

საშინაო თამაშების რეპორტაჟში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ, რამდენი მაყურებელი მოვიდა თქვენს თამაშზე სხვადასხვა დასაჯდომი ადგილების მიხედვით. შემოსავალი თამაშებიდან სხვადასხვანაირად ნაწილდება მოთამაშე გუნდებს შორის, იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპის თამაში ტარდება:

ლიგის თამაშები: მასპინძელ გუნდს მიაქვს მთელი შემოსავალი

თასის თამაშები: მასპინძელ გუნდს მიაქვს შემოსავლის ორი მესამედი, ხოლო სტუმარ გუნდს – ერთი მესამედი.

ამხანაგურები და საკვალიფიკაციო თამაშები შემოსავალი იყოფა თანაბრად

უკეთესი იქნება, თუ თქვენს სტადიონზე გექნებათ სხვადასხვა სახის დასაჯდომი ადგილები, რათა ყველა გულშემატკივარის ინტერესი დააკმაყოფილოთ. ზოგიერთი ფანი მხოლოდ მაშინ წავა სტადიონზე, თუ იქ კომფორტული დასაჯდომი ან ვიპ ადგილი ექნება დაჯავშნული, სადაც შეძლებს „ფოე–ფოე სენდვიჩების” ჭამას, გამაგრილებელი სასმელების შეკვეთასა და ბიზნეს–დიალოგის გამართვას პარტნიორებთან. სხვა გულშემატკივრებს კი ტერასები ურჩევნიათ, რადგან მათ არ შეუძლიათ უფრო ძვირი ბილეთების ყიდვა. გასათვალისწინებელია, რომ ვიპ ადგილებზე და გადახურულ ადგილებზე, სხვა ადგილებისაგან განსხვავებით, ცუდი ამინდი გავლენას ვერ ახდენს. გულშემატკივართა უმრავლესობა, ალბათ, ტერასების ბილეთებს შეიძენს. შესაბამისად, თქვენს სტადიონზე, ტერასებს ყველაზე მეტი ადგილი უნდა ჰქონდეს გამოყოფილი.

სტადიონის გაზრდას ან შემცირებას თუ მოინდომებთ, გაითვალისწინეთ, რომ სამუშაოები უცბად ვერ დასრულდება. რეკონსტრუქციას, როგორც მინიმუმ, ერთი კვირა დასჭირდება, ზუსტი დრო კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა მოცულობის სამუშაო გაქვთ შეკვეთილი.

სტადიონის გასაუმჯობესებლად შედით ქვეგანყოფილება „სტადიონში”, რომელიც „თქვენი კლუბის” მენიუში მდებარეობს. აქვე შეგეძლებათ სტადიონის სახელის შეცვლა. ეს სიამოვნება 8 000 ლარი დაგიჯდებათ (ბოლოს და ბოლოს, სტადიონზე შემოსასვლელი აბრა და სხვადასხვა ადგილებზე განლაგებული წარწერები იქნება შესაცვლელი).

რეგიონები და ამინდი


ჰეთთრიქში